03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ებოლას ვირუსის გამო ამ ეტაპზე საზღვრების დაკეტვის საკითხი არ დგას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ებოლას ვირუსის გამო ამ ეტაპზე საზღვრების დაკეტვის საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. ჯანდაცვის სისტემა კი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისათვის მზადაა, რაც გულისხმობს შესაბამისად აღჭურვილ საავადმყოფოებსა და მედიკამენტების მარაგს.

ეს განცხადება დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

„ამ ეტაპზე არ არის საზღვრების დაკეტვის საჭიროება. უბრალოდ, ხდება საზღვრის გადმოკვეთისას მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების აღრიცხვაზე აყვანა და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა,“ - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრი. 

ამასთან, მისი თქმით, სისტემა ებოლას ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისათვის მზადაა, რაც გულისხმობს შესაბამისად აღჭურვილ საავადმყოფოებსა და მედიკამენტების მარაგს.

ებოლას ვირუსზე უცხოეთიდან ჩამოსულ 13 პირს აკვირდებიან. ისინი საქართველოში ბოლო 21 დღის განმავლობაში ძირითადად ნიგერიიდან შემოვიდნენ.

ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დასახულ სამოქმედო გეგმას მიჰყვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული ყველა ვიზიტორი საზღვარზე შემოწმებას გადის და 21 დღის განმავლობაში სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აღრიცხვაზე აყვანილ ვიზიტორებს ეძლევათ ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში და დასძენს, რომ აღრიცხულ პირთა შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები