06 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში მთავარი მტკიცებულება განადგურებულია - მოშლილია ფარდული, სადაც მოზარდებმა იჩხუბეს

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება განადგურებულია. ხორავას ქუჩის N36-ში მოშლილია ის ფარდული, სადაც ტრაგიკული დაპირისპირების მონაწილეებმა ჩხუბი დაიწყეს.

დანაშაულის ადგილიდან კვალის სავარაუდო წაშლა მოკლული დავით სარალიძის მამისთვის, ზაზა სარალიძისთვის საეჭვო გარემოებაა. მოკლულის ოჯახი ახლა კითხვებზე პასუხის გაცემას პროკურატურას სთხოვს.

ხორავას ქუჩაზე ნაგებობის დემონტაჟის გამო ჩაიშალა და ვეღარ შედგება საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ჩატარებასაც საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატები გეგმავდნენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, საქმის მასალებში წერია, რომ ჩხუბში, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, 23 პირი მონაწილეობდა. პროკურატურას კი მხოლოდ 13 ვინაობა აქვს იდენტიფიცირებული.

სინომიშვილების ოჯახს ფარდული დაკანონებული არ ჰქონდათ, ამიტომ სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარემ სიმონიშვილებს ამ ნაგებობის დანგრევა მოსთხოვა.

ამხანაგობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფარდული პოლიციის ნებართვით დაანგრიეს და  პოლიციამ ხორავას ქუჩის მცხოვრებლებს თავად აუხსნა, როგორ უნდა მოეხდინათ დემონტაჟი.

„კურიერის“ ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები, რომლებიც დანაშაულის თვითმხილველები ან მონაწილეები არიან, თუმცა ისინი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს.

ბრალდებულის იურისტებს ეჭვი აქვთ, რომ სამართალდამცველებს საქმე დაჩქარებული ტემპებით განზრახ მიჰყავთ, რათა არ მოხდეს ბრალდებულთა წრის გაფართოება და ჩხუბში მონაწილე სხვა არასრულწლოვნების პასუხისგებაში მიცემა. 

დღის ამბები