06 ოქტომბერი 2024,   09:12
ვრცლად
პროკურორის მოადგილის ცემის ფაქტი - თენგიზ გავაშელი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

წყნეთის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი თენგიზ გავაშელი, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მან ფიზიკური შეურაცხყოფა თბილისის პროკურორის მოადგილეს მიაყენა, რისი მიზეზიც ქუჩაში შელაპარაკება გახდა. პროკურატურა აცხადებდა, რომ ძალადობის ბრალდებით აღნიშნული პირი იძებნებოდა, თუმცა გავაშელი თვითონ დაუკავშირდა უწყებას.

თენგიზ გავაშელი ამ წუთებში გამომძიებელს ჩვენებას აძლევს. მან პროკურატურაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა და მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

„შევეჩეხეთ ორი მანქანა, ჩვენი, ტაქსის მანქანა და ზევიდან ჩამომავალი ის პიროვნება. ჩვენ მოგვადგა უკნიდანაც მანქანა, ანუ ფიზიკურად ვერ დავხევდით უკან და 5 წუთი მანქანიდან ვუხსნიდი, რომ ცოტა გაიწიე და გაგვატარეთქო და რომ არ გაიწია, ვიფიქრე ან ვერ გაიგო ან რაღაც. ამის შემდეგ გადავედი მანქანიდან და მეთქი ახლოდან ავუხსნი რა ხდება. ამ გადასვლის მომენტში, მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გამომიქნია ხელი. მეც გამოვიქნიე ხელი და აწია შუშა და მერე, მანქანიდან დაძახების შემდეგ გაირკვა, რომ ყოფილა პროკურორის მოადგილე,“ - აცხადებს გავაშელი.

უწყებაში დაიბარეს გავაშელის მეუღლეც, რადგან ის მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველია. როგორც თამარ კეკენაძემ განაცხადა, მათ მიმალვის მცდელობა არ ქონიათ.

„ინციდენტის შემდეგ, როცა ვსხდებოდით მანქანაში, მე პროკურორის მოადგილე ვარ, ქალაქის პროკურორის მოადგილე. ეს სიტყვები კარგად მახსოვს, ამას რომ გვეძახდა. რას ნიშნავდა და რატომ იძახდა, არ ვიცი,“ - აღნიშნა თამარ კეკენაძემ.

განცხადება გააკეთა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.  

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ორ მძღოლს შორის მომხდარი ინციდენტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ნამდვილად არ შეიძლება იყოს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ავტორი:თაკო სურგულაძე

 

 

დღის ამბები