06 ოქტომბერი 2024,   08:58
ვრცლად
მინდობით აღზრდაში მყოფი ერთი თვის ბარბარე - ოჯახი დნმ-ის პასუხს ელოდება

ახალშობილი, რომელსაც მშობლებიც ჰყავს, ნათესავებიც, მაგრამ მაინც მინდობით აღზრდაშია. ჩვილი გოგონა საკუთარ პატრონს ელოდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგომ შვილი სავარაუდოდ, მეზობელთან იძულებითი სექსუალური კავშირის შედეგად გააჩინა.

იმის გამო, რომ დედას მისი აღზრდა არ შეეძლო, ბავშვის მოვლა-პატრონობის სურვილი გოგოს ძმამ, ბარბარეს ბიძამ გამოთქვა. ამაზე თანხმობა სახელმწიფოსგან ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე მიიღო, ახლა კი გაარკვია, რომ გოგონას აღარ გამოატანენ. სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ბავშვი მათთან არ უნდა გაიზარდოს. 1 თვის ბარბარე ჯერ მინდობით აღზრდაში იმყოფება, ის სოფელ კურდღელაურში ერთ-ერთ ოჯახში ცხოვრობს.

ბავშვის მამის ვინაობა ჯერ ოფიციალურად დადგენილი არ არის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგო ამბობს, რომ ის მეზობლისგან დაფეხმძიმდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამაზე ჯერ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. ოჯახი ახლა გენეტიკური ანალიზის პასუხს ელოდება.

თუკი დამტკიცდა, რომ ჩვილის მამა მართლაც მოძალადე თანასოფლელია, მაშინ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. გოგონას მშობლები შურისძიებით იმუქრებიან.

დნმ-ის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომლის შემდეგაც უკვე სასამართლო დავა დაიწყება, იმის დასადგენად იყო თუ არა დანაშაული და იძალადა თუ არა სექსუალურად მეზობლის გოგონაზე მამაკაცმა.

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები