26 აპრილი 2024,   23:35
ვრცლად
სისტემის გაჯანსაღება პასუხისმგებელი პირების ჩამოშორებით - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას ეხმაურებიან

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლად ჩაითვლება, მაგალითად, მსჯავრდებულის შეწყალებაც, კონკრეტული სარგებლის სანაცვლოდ. 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და თუ მმართველ გუნდს რეალურად სურს სისტემის გაჯანსაღება, სისტემურ დანაშაულში ჩართული პირები, რომლებიც დღემდე სისტემაში რჩებიან უნდა ჩამოშორდნენ საქმიანობას.

„იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული მართლაც აღარასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, ის სისტემური დანაშაული, რომელზეც მიუთითებდა სტრასბურგის სასამართლო და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის კარგად, ამისთვის აუცილებელია, ყველა იმ რგოლში შესაბამისი ცვლილებების გატარება, რომელიც ამ სისტემური დანაშაულის პროცესში იყო ჩართული. ესენი არიან უპირველესყოვლისა ის პროკურორები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ ღერძს სისტემური დანაშაულის აღსრულებისას, მათი ჩამოშორება შესაბამისი სისტემისგან. ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მთელ რიგ უკანონო ქმედებებში, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას ადამიანებზე, ჩამოშორებულ იქნან ასევე, შესაბამისი სამსახურებიდან და სისტემისგან,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, სისტემის გაჯანსაღება პასუხისმგებელი პირების ჩამოშორებით უნდა მოხდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ცალკეულ საქმეებზე უნდა დაიწყოს გამოძიება.

გარდა ამისა, ჩიხრაძის თქმით, იმ პირების საქმეები, რომლებიც ციხეებში არიან და სისტემური დარღვევის დროს უკანონოდ დააკავეს, ხელახლა უნდა გადაიხედოს.

„ჩვენ ამ საქმეში ვაპირებთ, რომ ვიყოთ აქტიურად ჩართულები და ამავე დროს დაინტერესებული ქართული საზოგადოებაც აქტიურად ჩავრთოთ შესაბამის პროცესში,“ -  განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები