03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ბენდუქიძემ ეკონომიკის სამინისტროს სასამართლო მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს დაევალა, აღიაროს კახა ბენდუქიძის მიერ შექმნილი ”ცოდნის ფონდის” მხრიდან საინვესტიციო ვალდებულებების პირნათლად შესრულების ფაქტი.

ცნობისთვის, ფონდმა 9 მილიონ ლარად და 8 მილიონი ინვესტიციის ვალდებულებით შეიძინა ქონება, სადაც ამჟამად აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტებია განთავსებული.

სასამართლომ ეს ფაქტი დაადასტურა და, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბენდუქიძეს ვალდებულება შესრულებული აქვს.  

გადაწყვეტილებაში მითითებულია ისიც, რომ ეკონომიკის სამინისტროს ევალება, სრულად აანაზღაუროს დავის პროცესში უნივერსიტეტებისათვის მიყენებული ზარალი.

როგორც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, ლაშა გოცირიძე ამბობს, „სასამართლომ დაადგინა, რომ ეკონომიკის სამინისტრო სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ ადასტურებდა უნივერსიტეტების მიერ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ფაქტს და, შესაბამისად, სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, უმოკლეს დროში გამოსცეს ჩვენს მიერ სახელშეკრულებო პირობების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი“.

ეკონომიკის სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სასამართლოდან ოფიციალური განჩინება ჩაბარდებათ.

დღის ამბები