„მე მიმაჩნია, რომ პრემიერმინისტრის განცხადება არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით გადადგმული ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ არსებული მძიმე ვითარებიდან იქნეს გამოსავალი მოძებნილი,“ - ეს განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა პრემიერის გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
პრემიერმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართვა გაუგზავნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზეთთან და ოსებთან, ამ კუთხით კი "მისასალმებელი იქნებოდა" საკითხისადმი რუსეთის კონსტრუქციული მიდგომა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.
„რა თქმა უნდა, ეს არის სრულად მიუღებელი და ძალიან გამაღიზიანებელი, როდესაც ამდენი დღეს გავიდა და ცხედრის გადმოცემა არ ხდება ოჯახისთვის, მაგრამ არ იქნებოდა ახლა გონივრული კონკრეტული ვადის დათქმა, რადგან ჩვენს მოთხოვნებში ასეთი ვადები არ ფიგურირებს, ჩვენი პარტნიორების მოთხოვნებშიც ასეთი ვადები არ ფიგურირებს და, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მოხერხდეს, რაც შეიძლება მალე,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.