საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობის ფინალში 2016 წლის მსგავსად ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ფინალამდე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, სერბეთი და უკრაინა იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს დელეგაციას ბექა ღვინიაშვილმა მოუტანა.