ვფიქრობ, ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს - ეს განცხადება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე საუბრისას გააკეთა. გიორგი ტყემალაძე დღეს გამართულ შეხვედრაზე თბილისის მერიასა და "სითი ინსტიტუტს"-ს შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ „სითი ინსტიტუტი“ შესაბამისი კორექტივებით დოკუმენტს სწორედ 1 ივნისამდე წარმოადგენს.
როგორც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, დედაქალაქის მერია აქტიურად თანამშრომლობს „სითი ინსტიტუტთა“. მისი თქმით, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ქალაქი კარგ გენგეგმას მიიღებს.
„ვფიქრობ, ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს და ის ეტაპები, რომელიც იქნა აქამდე წარმოდგენილი და დასრულებითი ეტაპიც იქნება გამართული“ -ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.
კვლავ კრიტიკულია შეფასებისას თბილისის საკრებულოს ოპოზიცია. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ მერიას დასჭირდება დიდი შრომა, რათა გენგეგმა უბრალო დოკუმენტად არ დარჩეს.
"მერია მიხვდა თავად, რომ ყულფშია , უკან დასახევი არ არის, უარის თქმა შეუძლებელია იმიტომ რომ საზოგადოება ელის გენგეგმას და გამოიძებნა გამოსავალი, ეს კარგია , ეს არი შანსი,რომ ქალაქმა მიიღოს გენგეგმა, თუმცა ამისთვის დასჭირდება ძალიან დიდი შრომა მერიას, რომ გეგმა არ დარჩეს ფარატინა ფურცლად და ის ქაოსი არ გაგრძელდეს, რაც ქალაქშია“- ამბობს ვაჩეიშვილი.
„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ გენგეგმაზე მუშაობის პროცესში რამდენიმე ძირითადი საკითხი უნდა იქნას გათვალისწინებული.
„ხელაღებით არ შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლა, როცა ამდენი თანხაა დახარჯული თბილისის ბიუჯეტიდან. მეორე , რაც არის მთავარი არის ის, რომ სწორად უნდა განხორციელდეს კონკრეტული დავალებების გაცემა, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ ‘ სითი ინსტიტუტთან“ მიმართებაში ხდებოდა დავალებების არასწორად გაცემა. ახლა უნდა განხორციელდეს გენგემის შექმნა და შედგენა“-ამბობს ჟღენტი.