გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე RMG Gold-ის საქმიანობის საკითხზე მსჯელობა რამდენჯერმე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კომიტეტის სხდომაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების მცდელობასაც, რის გამოც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
მოგვიანებით, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, თუმცა, მინისტრსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის ცხარე კამათი კვლავ გაგრძელდა.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, გარემოს დაცვის მინისტრს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყონ ზრუნვა, რათა შეჩერდეს იმ ზიანის მოცულობა, რომელიც დმანისში, RMG Gold-ის საქმიანობის გამო, გარემოს ადგება.
„არათუ გაფართოებაზე, დღესვე კანონმდებლობის შეცვლაზე არ უნდა იზრუნოთ, რომ შეჩერება შეგეძლოთ ამისი? თუ გვეუბნებით, რომ არ მიმდინარეობს დაზიანება გარემოსი, პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალი იქნება, ამას თუ გვეტყვით, ან პოლიტიკური უსუსურების თუ მეუბნებით, რომ იცით, რომ ზიანდება, მაგრამ არ იღებთ ზომებს, რომ გააჩეროთ,“ - მიმართა ბოკერიამ მინისტრს.
საპასუხოდ ლევან დავითაშვილმა ბოკერია წინა ხელისუფლების დროს გარემოს კონტროლის არარსებობის გამო დაადანაშაულა.
„თქვენ დროს საერთოდ არ ხდებოდა შემოწმება და მონიტორინგი გარემოს ნაწილში, ახლა გამოდიხართ და ბრტყელ-ბრტყელებს საუბრობთ. როგორ შეიძლება ეს?“ - უპასუხა დავითაშვილმა ბოკერიას.
საპარლამენტო ოპოზიცია მოუწოდებს გარემოს დაცვის მინისტრს, გამოხატოს მკაფიო პოზიცია, მისცემენ თუ არა ოქროს მომპოვებელ კომპანიას საქმინობის გაფართოების საშუალებას.
„დღეს მოხვედით იმიტომ, რომ ეს კომპანია ითხოვს გაფართოებას, RMG Gold, რომელიც აბინძურებს გარემოს. მოხდება თუ არა დაკმაყოფილება თქვენგან აი ამ საწარმოო მოედნების, ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოების,“ - მიმართა სერგო რატიანმა.
გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, "ოპოზიცია ცდილობს, ამ საკითხზე შექმნას პოლიტიკური სპექტაკლი". მისი უწყების მიზანია, რომ საუბარი იყოს საქმიანი. მისი თქმით, სწორედ გარემოს დაცვის სამინისტრო საუბრობს იმაზე, რომ განიხილოს საკითხი და კანონმდებლობის ფარგლებში აღმოფხვრას პრობლემა.
საპარლამენტო ოპოზიციამ მინისტრს ასევე ჰკითხა, როცა საყდრისს მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც კორუფციის ეჭვს აჩენს.
„აფეთქების ნებართვის გაცემა. არ მიგაჩნიათ, რომ ეს კორუფციული გადაწყვეტილება იყო?“-ჰკითხა მინისტრს გიორგი კანდელაკმა, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და ოპოზიციას აქვს უფლება, „სპეკულანტური ვარაუდი გამოთქვას".