„თუ ქართულ ოცნებას პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლა, ორი საათით ტრიბუნის გამოყენება სერიოზული საფრთხე ჰგონია, მაშინ კარგად ყოფილა მაგათი საქმე და აბსოლუტურად სწორია მათი განგაში და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ არჩევნებს წააგებენ,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ, საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ოპოზიციის წევრის აზრით, თუკი ქართულ ოცნებას კრიტიკული დამოკიდებულება ექნება მარგველაშვილის საპრეზიდენტოს ამბიციებთან დაკავშირებით, ეს მმართველი გუნდის პრობლემაა, რომელსაც ამ დრომდე საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს.
„ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია საპრეზიდენტო არჩევნების და სრულიად სამართლიანად, ვინაიდან, ფაქტობრივად, ქვეყანა ჭაობშია ჩაფლული, უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა, წარუმატებლობაა ყველა მიმართულებით. მეორე მხრივ, ნებისმიერ ადამიანს ის კონკურენტად განიხილავს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.