გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული შეთავაზების დეტალებზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სხვადასხვა ეკონომიკური და საგანმანათლებლო შეღავათების შექმნას გულისხმობს, განმარტებები შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით სპეციალური ეკონომიკური სივრცე თავდაპირველად სოფელ რუხთან განთავსდება. გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრების მოსახლეობის იდენტიფიცირებისთვის მოეწყობა ნეიტრალური შესაძლებლობების სივრცეც. მათი რეგისტრაცია კი პირადი ნომრის საფუძველზე მოხდება.
„პირადი ნომრით რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ პირის იდენტიფიცირებისა და შემდგომში გარკვეულ სერვისებზე წვდომის გახსნისათვის. კიდევ ერთხელ ვამბობ ისე, რომ არ არის განსაზღვრული მისი მოქალაქეობა. ანუ სრულიად სტატუს ნეიტრალური ინსტრუმენტი გახლავთ რაც ვაჭრობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ისეთ სერვისებზე უხსნის წვდომას მაგალითად, როგორიც არის მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია, გადამხდელად რეგისტრაცია, საგადასახადო შეღავათებიც სხვათაშორის,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.