"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერს უკანონო მშენებლობების ნებართვების გაცემაში ადანაშაულებს.
პარტიის წევრები მხოლოდ თებერვლის თვეში გაცემული იმ ცხრა საქმის დოკუმენტაციას ასაჯაროებენ, რომლის მიხედვითაც თბილისის სხვადასხვა რაიონებში მერიის გადაწყვეტილებით, სპეციალური ზონალური შეთანხმება გაფორმდა და მშენებლობებს კოეფიციენტები გაეზარდათ.
საუბარია სასტუმროების, კერძო სახლებისა და მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობებზე. დადგენილების მიხედვით, მშენებლობის ნებართვა რამდენიმე რეკრეაციულ ზონაშიც არის გაცემული.
„მაშინ როდესაც დედაქალაქში განიხილებოდა გენერალური გეგმა, კახი კალაძე პარალელურად იღებდა ამ გადაწყვეტილებებს, რაც გულისხმობს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებებს. ანუ დადგენილზე მეტი კოეფიციენტეია გაცემული მხოლოდ თებერვლის თვეში. სანამ ჩვენ არ მივიღებთ გენერალურ გეგმას, ეს არის წითელი ხაზი, მანამდე ასეთი კორუფციული გარიგებები გაგრძელდება დედაქალაქში,“- განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
მიღებულ გადაწყვეტილებებში უკანონობას ვერ ხედავენ თბილისის მერიაში. წერილობით განმარტებაში ნათქვამია, რომ თითოეულ დადგენილებას შესაბამისი დასაბუთება აქვს.