23 დეკემბერი 2024,   12:19
ვრცლად
თავდასხმა ფერადკანიან სტუდენტებზე - ნაცემი სტუდენტები დიღმის პოლიციაში იკითხებიან

თავდასხმა ფერადკანიან სტუდენტებზე - ამ წუთებში დიღმის პოლიციაში უცხოელი სტუდენტები იკითხებიან.  მათ გუშინ, ბელიაშვილის ქუჩის რამდენიმე მცხოვრები დაუპირისპირდა.

ნაცემი ფერადკანიანები ამ წუთებში გამომძიებლებს ჩვენებებს აძლევენ. საქმე გუშინ ძალადობის მუხლით აღიძრა. ახალგაზრდები მანამდე აცხადებდნენ, რომ უშუალოდ ჩხუბის დროს გამოძახებულმა პოლიციელებმა მათ ინცინდენტის დავიწყება ურჩიეს.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ საქმეში რასობრივი დისკრიმინაციის ჩადენის შესაძლებლობა იკვეთება და მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს.

„იკვეთება დანაშაულის დისკრიმინაციული მოტივით ჩადენის შესაძლებლობა. შესაბამისად, შესაძლებელია და დიდი ალბათობით მოხდება ასეც, რომ გადაკვალიფიცირდეს დანაშაული 142-ე პრიმა მუხლზე და პასუხისგება დადგეს დისკრიმინაციის მუხლით... მიმართვის ის ფორმები, რომელსაც იყენებდნენ მოძალადეები, ცხადყოფს იმას, რომ ძალადობის ძირითადი მიზეზი იყო ზუსტად განსხვავებული კანის ფერი და განსხვავებული ეროვნება,“ - განაცხადა თუთბერიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მოწმეებმა აღნიშნეს, რომ სამართალდამცავები შემთხვევის შემდეგ ირონიულად იყვნენ განწყობილნი და მოუწოდებდნენ დაევიწყებინათ მომხდარი.

„როგორც მოწმეები აცხადებენ, სამართალდამცავები ირონიულად იყვნენ განწყობილები და მოუწოდებდნენ, რომ დაევიწყებინათ ეს კონფლიქტი და არ აეტეხათ ამაზე დიდი ამბავი, თუმცა, ამ ეტაპისთვის მე ვფიქრობ, ეს ხარვეზი გამოსწორებულია და ამ ეტაპისთვის გამოძიების მიმართ პრეტენზიები არ გაგვაჩნია,“ - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები