"ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურ ასამბლეას ქართველი დეპუტატებიც ესწრებიან.
„ევროპულ საქართველოს” სურს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარდაჭერა ევროპარლამენტის მხრიდანაც ჰქონდეს.
„მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ ის პირები, რომლებიც დანაშაულს სჩადიან. მათ ძალიან ხშირად აქვთ შესაძლებლობა გაექცნენ პასუხისმგებლობას. ეს პირები დასჯილები იქნებიან სულ მცირე იმით, რომ საჯაროდ და ოფიციალურად იქნება გაცხადებული მათი კრიმინალური ქმედებების შესახებ. შესაბამისად ისინი სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სავარაუდოდ გარდა რუსეთისა. ჩემი აზრით, სანქციების დაწესების საკითხი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში უნდა იყოს ასახული. საქართველოს პარლამენტი ერთიანია ამ კუთხით და ვთვლი რომ ქართულ მხარეს ევროპარლამენტიც მხარს დაუჭერს,”-აცხადებს ევროპარლამენტის წევრი გუნარ ჰოკმარკი.
პარტიის ლიდერები იმედოვნებენ, რომ იმ რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა ზაფხულში უნდა მიიღოს, ოთხოზორია ტატუნაშვილის სიასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტიც აისახება.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ევროპარლამენტში შეხვედრები უკვე გამართეს.
კონსულტაციების დროს საუბრის ძირითადი თემა სწორედ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება იყო.
„სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე დავაყენეთ საკითხი სანქციების და ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერის შესახებ და პირველი რეაქცია იყო ნამდვილად დადებითი. ამის შემდგომ უკვე ორმხრივ შეხვედრებზე ევროპარლამენტარებთან ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და ნამდვილად არსებობს იმის პერსპექტივა, რომ ევროპარლამენტმა საკუთარი რეზოლუციით მხარი დაუჭიროს სანქციების შემოღებას,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.