20 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
"შეთქმულების თეორიაზე საუბარი სასაცილოა" - საპარლამენტო უმრავლესობა ნინია კაკაბაძისთვის მხარდაჭერაზე საუბრობს

როგორ ჩატარდა კენჭისყრა პარლამენტში 5 აპრილს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ნინია კაკაბაძე აირჩიეს - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განმარტებას აკეთებენ. დეპუტატები, რომლებმაც ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭირეს ამბობენ, რომ კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე, დავალება არავისგან მიუღიათ.

„ნინია კაკაბაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს გაატარებს. მე მგონია, რომ „ნაციონალებზე“ მეტი ნინია კაკაბაძეს არ დაუშავებია სამშობლოს და ეკლესიის წინაშე. მე მგონია, რომ ჩვენ ნინია კაკაბაძეს მხარს თუ არ დავუჭერდით, სხვა ნინია კაკაბაძე მოვიდოდა, ანუ კოლექტიური ნინია კაკაბაძე მაინც იქნება,“- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

მმართველი გუნდის ნაწილი გედევან ფოფხაძეს აკრიტიკებს, რომელმაც პარლამენტის მიერ ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

„ღიმილის მომგვრელია იმაზე საუბარი, რომ ვინმე ვინმესგან დავალებას იღებს, რამდენიმე წუთით ადრე იღებენ დავალებას, ეს შესაბამის გადაწყვეტილებაზე აისახება, ეს არის ღიმილის მომგვრელი და ასეთი ფორმით საუბარი საქმიან პროცესს არ უწყობს ხელს,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია ამბობს, რომ ნინია კაკაბაძისთვის ხმის მიცემის გადაწყვეტილება კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე არ მიუღიათ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ „შეთქმულების თეორიაზე საუბარი სასაცილო ჰგონია“.

ამავე თემაზე
დღის ამბები