20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
„დასკვნებში აშკარად იკვეთება "Freedom House"-ის მიკერძოება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ" - ირაკლი კობახიძე

„დასკვნებში აშკარად იკვეთება "Freedom House"-ის მიკერძოება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

ირაკლი კობახიძემ გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. მისი შეფასებით, ანგარიში ტენდენციურია მედიის თავისუფლების კუთხით.

„კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც ღიმილის მომგვრელია. 2012 წლის მოცემულობა იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედიაგარემოზე, „რუსთავი2-ზე“, „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკანონო გზით გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სამივე არხი ხელისუფლების რუპორის ფუნქციას ასრულებდა და ახორციელებდა ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ.

"ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-ზე“ საკუთრების უფლებს დაბრუნება იმ პირისთვის, რომელსაც როგორც მთელი ქართული საზოგადოებისთვის არის ცნობილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაართვა ტელევიზია პოლიტიკური მიზნებისთვის,“- აღნიშნა კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს შემაშფოთებელია ანგარიშში მოხსენიებული მოსაზრება, რომ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა ხელს შეუშლის საქართველოს თანამშრომლობას ევროპასთან და აშშ-სთან.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, Freedom House-ის ანგარიშში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკება არაარგუმენტირებულია.

„ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში... ანგარიში იმეორებს „რუსთავი 2-ისა“ და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ანგარიშის ავტორები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს ეყრდნობიან, რომლებიც მისი განცხადებით, "ტენდენციურები არიან".

„ანგარიშიდან იკითხება, რომ მისი ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არსებობს ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს, ამის საუკეთესო ილუსტრაცია NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომელთათვის საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან წინა ხელისუფლების დროს სასამართლო ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო გათავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისგან. კობახიძის შეფასებით, კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასმართლოს დამოუკიდებლობის შესახებ „ღიმილის მომგვრელია“.

კობახიძის თქმით, ანგარიშში ფაქტობრივი შეცდომებიცაა გაპარული.

დღის ამბები