20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
"პარლამენტში პროცესები უნდა წარიმართოს იერარქიის შესაბამისად," - კობახიძე უმრავლესობაში დაპირისპირების მოგვარებაზე საუბრობს

დავსხდებით და რამდენიმე დღეში უმარტივესად მოგვარდება ეს ყველაფერი - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას.

მისი თქმით, საჯარო განცხადების გაკეთება ამის შესახებ იქნება დამაზიანებელი. კობახიძე არ საუბრობს დეპუტატების გარიცხვაზე ან მის თანამდებობიდან გადადგომაზე.

„მაისის მეორე ნახევარში ჩატარდება ყრილობა, სადაც უნდა განახლდეს ხელმძღვანელი ორგანოები. ჩემი აზრია, რომ ეს  პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას შეეხება. აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დავრჩები თუ არა კახი კალაძის გადასაწყვეტია,“ - აცხადებს კობახიძე.

რაც შეეხება უმრავლესობას, კობახიძის თქმით, გუნდში არის რამდენიმე წევრი, რომელმაც დაუშვა შეცდომები, თუმცა მისივე თქმით, გუნდში „კარგი ვითარება და სულისკვეთებაა.“

მან ასევე ისაუბრა იმ შეხვედრაზე, რომელიც პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შემუშავდება წესდება, რომელიც უნდა დაიცვან დეპუტატებმა.

„გვქონდა შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, რომ გაიწერება კონკრეტული წესები და ამ წესებთან გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმები,“-აცხადებს კობახიძე.

კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მისი მთავარი დასაყრდენი არის პირველი მოადგილე, მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი. კობახიძის თქმით, ეს არის დადგენილი იერარქია, „ეს არ უნდა გახდეს ეჭვიანობის საგანი.“

"პარლამენტში პროცესები უნდა წარიმართოს იერარქიის შესაბამისად,"-აცხადებს კობახიძე.

დღის ამბები