პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ "Freedom House"-ის დასკვნას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც აკრიტიკებენ. გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშს დაუსაბუთებელს უწოდებს სოზარ სუბარი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი ამბობს, რომ დასკვნა არის ტენდენციური.
„დაუსაბუთებელი, ფაქტებისგან შორს მდგომი და ძალიან ტენდენციური დასკვნა არის. არ ვიცი რითი არის გამოწვეული მათი მხრიდან ასეთი დასკვნების გაკეთება მაგრამ იმდენად ტენდენციურია, რომ მე მგონი აზრი არ აქვს რამე კომენტარის გაკეთებას. "რუსთავი 2"-ის საქმეზე არის ის რომ პირველი დავა იყო ყოფილ და დღევანდელ მესაკუთრეებს შორის რაც გაგრძელდა არამხოლოდ ევროპის და არამხოლოდ ევროსაბჭოს მასშტაბით, არამედ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიდის საქმე. მეტი რა უნდა მოხდეს მე არ მესმის. როდესაც ასეთ თემებზე არის ლაპარაკი, ესეთი ტერმინოლოგია არის გამოყენებული აბსურდული და აბსოლუტურად არაფერთან შესაბამისი როგორიც არის პოლიტიკური ვენდეტა და ა.შ. არანაირი სურვილი არ მაქვს რაიმე სერიოზულ და მართლა მტკივნეულ თემაზეც გავაკეთო კომენტარი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.
"Freedom House"-ის დასკვნა მიუღებელი აღმოჩნდა ფინანსთა მინისტრისთვისაც. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მთავრი მონაპოვარი არის სწორედ დემოკრატიის მაღალი ხარისხი. ამიტომ მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ დასკვნა არ ასახავს რეალობას.
„აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.