ამ დრომდე უცნობია უმრავლესობის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. "ქართული ოცნების" ლიდერებს შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა. ყველა კი გადამწყვეტი სხდომის მოლოდინშია. ორკვირიანი საჯარო დაპირისპირების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატები მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა დასხდნენ. როგორ გადანაწილდება უმრავლესობა და ვისი უპირატესობით დასრულდება უთანხმოება? კვირიკაშვილისა თუ კობახიძის გუნდი? - ეს არის ახლა მთავარი კითხვები, რომელზე პასუხიც სწორედ უმრავლესობის სხდომის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.
უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" გუნდში დაპირისპირებას უარყოფს და მცირე უთანხმოებაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით უახლოეს მომავალში დალაგდება.
"არანაირი გადაჯგუფებები უმრავლესობაში არ არსებობს. იყო ცალკეული განცხადებები, რომლებმაც გარკვეული უხერხულობა შექმნა და თქვენ მოგცათ იმის თქმის საფუძველი, რომ არის მწვავე დაპირისპირება გუნდში, მაგრამ ასეთი რეალურად არ არის,"-განაცხადა მდინარაძემ.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი, ნუკრი ქანთარია კი განმარტავს, რომ ყველა კითხვას, რომელიც პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და სხდომის ჩატარების დიდი ხნით გადაწევის პერსპექტივას ნეგატიურად აფასებს.
"ერთი დღე იქით-აქეთ, ეს არაფერი, მაგრამ ეს რომ ჩვენ გადავიტანოთ მარადიულობაში, ეს არის ძალიან ცუდი,"-აცხადებს ქანთარია.