რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ, ცინიკურსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს ოპოზიციის ნაწილი.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ზახაროვას განცხადებას, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაგზავნილი ოფიციალური წერილის შედეგად მიიჩნევენ.
„დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც სჭირდება რუსეთს. საქართველოს სახელმწიფო სუსტდება, სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტდება, ეროვნული უშიშროების საბჭო დაანგრიეს, პრეზიდენტის ინსტიტუტს ანგრევენ, ხალხს გვიკლავენ, ორგანოებს აცლიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ და ყველაფერ ამაზე ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ბოდიშების მოხდის და თავზე ნაცარდაყრილ წერილს აგზავნის. ბუნებრივია ეს მოწონს რუსეთს და ასეთი საქართველო უნდა ივანიშვილს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა გიორგი ბარამიძემ.
საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში ტონის გამკაცრებას ურჩევენ „ევროპული საქართველოშიც“.
პარტიაში ამბობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ქმნიან ილუზიას, რომ თითქოს რაღაცის ნორმალიზება მიმდინარეობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როდესაც ყოველდღიურად, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგაც გრძელდება საქართველოს მოქალაქეების მოტაცება, წამება,“-აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველო-რუსეთს შორის უერთიერთობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა. მისი თქმით, ამ პროცესს ვერც ტატუნაშვილის საქმე ვერ შეუშლის ხელს.