ევროკავშირმა და ნატომ, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, არ უნდა შეიკავონ თავი გაფართოებაზე - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, არსებული გეოპოლიტიკური გაეროს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა ევროპის კონტინენტზე გავლენის ზონების და გამყოფი ხაზების წარმოქმნას გამოიწვევს.
„ევროკავშირმა და ნატომ, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, არ უნდა შეიკავონ თავი გაფართოებაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ევროკავშირმაც და ნატომაც უფრო აქტიურად ითანამშრომლონ არაწევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაეხმარონ მათ მათი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეკონომიკური მისადაგებობის, თავდაცვისუნარიანობისა და მოქნილობის გაძლიერებაში.
არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა გამოიწვევს გავლენის ზონებისა და გამყოფი ხაზების წარმოქმნას ევროპის კონტინენტზე და წაახალისებს იმ ნეგატიურ პროცესებს, რომლებიც სრულიად შეუქცევადი შეიძლება გახდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატოს წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, საქართველო ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს ასრულებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების ყოვლისმომცველი ჩარჩო შექმნა.
„მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველო ასრულებს საკუთარი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რათა უზრუნველყოს ნატოს წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ახლახანს ჩატარებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ შექმნა გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების ყოვლისმომცველი ჩარჩო. ჩვენ ასევე ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, და ამრიგად ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის. 10 წლის წინ ნატოს წევრი ქვეყნები ბუქარესტში შეთანხმდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ წარმატებით დავამყარეთ ნდობა და პარტნიორული ურთიერთობები ამ ქვეყნებთან. დღეს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გამოცდილება და დავიწყოთ ერთობლივი სვლა წარმატებისაკენ უფრო მეტი გამბედაობითა და შემართებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.