20 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
იქნება თუ არა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი - კობახიძის თქმით, საკითხზე კონსულტაციები არ გამართულა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის წარდგენაზე  ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე არ განუხილავთ, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი.  

კობახიძის განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას არ უკავშირდება. მისი შეფასებით, პარტიაში არსებული პრობლემების მოგვარება ამის გარეშეც შეიძლებოდა.

„ამ მცირე პრობლემებს, რომელიც იყო უმრავლესობაში, ნამდვილად არ უკავშირდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ამ საკითხების მოგვარება ამის გარეშეც შეიძლებოდა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ეფუძნება მის სურვილს, რომ აქტიურად ჩაერთოს პარტიის განვითარების პროცესში. დღეს მხოლოდ და მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს დაუბრუნდება, როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას. ლიდერები ამბობენ, რომ პარტიასა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შესაძლოა ცვლილებებიც იყოს.

„თეორიულად არაფერი არ შეიძლება გამოვრიცხოთ, ეს არის პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტი, ეს არის პარტიის ახალი თავმჯდომარის გადასაწყვეტი, გენერალური მდივნის გადასაწყვეტი. ამ წესების შესაბამისად, წესდებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მიიღება ყველა გადაწყვეტილება. პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოქმედი პოლიტსაბჭო მიიღებს,“- აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება „ქართული ოცნების“ გაძლიერებას ემსახურება.

„საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პარტიის გაძლიერებაზე, ორგანიზაციის გაძლიერებაზე, ამას სჭირდება მათ შორის შესაბამისი დრო, ამისთვის საჭირო დრო, ბუნებრივია, ნაკლებად აქვთ პრემიერს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაბამისად, გვქონდა კონკრეტული მიზეზები ამ გადაწყვეტილებას, ყველაფერს პოზიტიურად უნდა შევხედოთ. ნეგატიურ მიმართულებას ნუ მივცემთ,“- აღნიშნა კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები