„რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება“ - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
"ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს ამცირებს, თუმცა, კახა კალაძეს თქმით, ცვლილებების მიუხედავად, ის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივნად კვლავ დარჩება.
თბილისის მერი ასევე, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველმა გუნდი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს დაასახელებს.
კახა კალაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ გუნდში კრიზისი არ არის და საპარლამენტო უმრავლესობას დაშლა არ ემუქრება.
„არანაირი კრიზისი გუნდში არ არსებობს. შეიძლება გარკვეულ ძალებს სურვილი ჰქონდეთ, რომ გუნდში იყოს განხეთქილება, კრიზისი, თუმცა, მე რამდენიმე კვირის წინ ვთქვი და გავიმეორებ, რომ უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს,“ - განაცხადა კალაძემ.