„მე ვერ ვიჭორავებ“ - ეს კომენტარი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, ლუკაშენკოს განცხადებაზე გააკეთა.
მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადება არ მოუსმენია, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს პრემიერი ცრემლებამდე მივიდა და ასე ელაპარაკებოდა რუსეთთან ურთიერთობაზე.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. მათ რუსთავი2-ის ჟურნალისტი პრემიერთან გადაამისამართეს.
"მე არ ვიცნობ ამ განცხადებას, შესაბამისად, ძალიან გამიჭირდება რაიმე პასუხის გაცემა. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსა და ბელარუსიას ძალიან კარგი მეზობლური ურთიერთობა გააჩნიათ და ეს ხელისუფლების პირველი პირების ვიზიტების დონეზეც დადასტურდა. დანარჩენი მე ვერ ვიჭორავებ. არც ვიცნობ ამ განცხადებას, შესაბამისად, მასზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია,“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.