„მივესალმებით, რომ იყოს რაც შეიძლება ფართო განხილვა, ყოველთვის ეს პოზიცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს და ბუნებრივია, წელსაც მისი ეს პოზიცია არ არის განსხვავებული,“ - ასე პასუხობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნას, რომ პრეზიდენტის ანგარიშის შემდეგ შეხვედრა დებატებით გაგრძელდეს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კითხვას - ეთანხმება თუ არა რომ საპარლამენტო უმრავლესობა დებატებს პრეზიდენტზე პოლიტიკური შტურმის მისატანად გამოიყენებს, არ პასუხობს.
„მივესალმებით დებატებს, ყოველ წელს გვქონდა ჩვენ მზაობა და ღიაობა იმისთვის, რომ ყოფილიყო პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები და ბუნებრივია წელსაც მხოლოდ მივესალმებით, რომ იქნება დებატები და ფართო განხილვა იმ საკითხების, რომელიც შეიძლება იყოს საჭირბოროტო ქვეყნისთვის“-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პრეზიდენტი 2 მაისს საკანონმდებლო ორგანოში ბოლო ანგარიშით წარდგება. უმრავლესობის მოთხოვნით, მოხსენების დასრულების შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პარლამენტში ბიუროს სხდომას ესწრება, რომელზეც პრეზიდენტის ანგარიშის ფორმატი დაზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას 45 წუთი ექნება, ფრაქციებს 15 წუთი, ხოლო დამოუკიდებელ დეპუტატებს 5-5 წუთი.