17 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომა - AMNESTY INTERNATIONAL განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება უნდა გახდეს, პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად, დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის ჩათვლით - ასე ეხმაურება AMNESTY INTERNATIONAL პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომას.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამთავრობო ცვლილებებს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლები, რომელიც გამოწვეული იყო დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებით და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით. AMNESTY INTERNATIONAL-ის შეფასებით, სასამართლო პროცესმა გამოააშკარავა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ უნდობლობა და მისი მუშაობის არაეფექტურობა.

განცხადებაში საუბარია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზეც და ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაგვიანებით დაიწყო და არანაირი ხელშესახები შედეგი არ დაუდია. AMNESTY INTERNATIONAL მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობების დაამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და გადადგას საჭირო ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის მიმართ არსებული ნდობის დეფიციტის აღმოსაფრხვრელად.

„ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს გარეთ, საქართველოს პრემიერი-მინისტრის გადადგომა განიხილება სწორედ ამ ჭრილში, ხორავას საპროტესტო აქციების ჭრილში და ზოგადად, მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ჭრილში, რაც ჩვენ ვიხილეთ თბილისში, რამდენიმე კვირის წინ. ჩვენი განცხადებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ახალ მთავრობას, როდესაც სრულიად დაკომპლექტდება მისი წევრები, რომ პრიორიტეტად სწორედ გაიხადოს ის მიზეზი, რის გამოც იგრძნობოდა უკმაყოფილება საქართველოში,“- განაცხადა AMNESTY INTERNATIONAL-ის საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელმა ლევან ასათიანმა.

დღის ამბები