03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
თბილისი-მოსკოვის რეისების გადაუჭრელი პრობლემა და მეთოდები, რომლითაც რუსეთი საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს

თბილისი-მოსკოვის რეგულარულ ფრენების საკითხი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია. საბოლოო შეთანხმებას საქართველოს მთავრობამ და რუსეთის ავიაციამ უკვე მე-4 თვეა ვერ მიაღწიეს. დროებით დადებული შეთანხმების კიდევ ერთი ვადა ხვალ იწურება. „აირზენამ” რუსული მხარის ინიციატივით გაზრდილი ფრენების სიხშირის შედეგები გააანალიზა. მათი დასკვნის მიხედვით. ამ გადაწყვეტილებით სარგებელს მხოლოდ რუსული ავიაკომპანიები ნახულობენ.

აირზენაში ჩატარებული კვლევებს არ ეთანხმებიან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. ეკონომიკის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ უწყებაში, რომლის ინიციატივითაც მოიხსნა შეზღუდვები რუსული მხარისთვის ფრენების სიხშირეზე, აცხადებენ, რომ მგზავრთა ნაკადმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოიმატა. სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბოლოო ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. რაც შეეხება დროებით შეთანხმებას, მისი მოქმედების ვადა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა.

ქართულ კომპანიებში აცხადებენ, რომ რუსული მხარე საქართველოს მთავრობისგან სასურველი შედეგის მიღწევას შანტაჟის გზით ახერხებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერალური ავიაციის წარმომადგენელი სერგეი სესკუტოვი, რომელიც თბილისში მოლაპარაკებებზე არაერთხელ იყო ჩამოსული, ქართულ მხარეს საერთოდ ფრენების შეწყვეტით და მოსკოვის ცის დაკეტვით ემუქრება.

გადაწყვეტილების მიღებას ქვეყნის ტურისტული ნაკადის გაზრდის მიზეზით ხსნიან ეკონომიკის სამინისტროში. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ქართული ავიაკომპანიების პრეტენზიები.

რუსეთს, როგორც მხოლოდ ბაზარს არ აღიქვამენ პარლამენტში. ოპოზიციაშიც და მმართველ გუნდშიც ფიქრობენ, რომ რუსეთის მხოლოდ ბიზნესპარტნიორად აღქმა შეცდომაა, მით უმეტეს, თუ ჩრდილოელ მეზობელთან დადებულ ხელშეკრულებებს ადგილობრივი კომპანიების გაკოტრება მოჰყვება. ოპოზიციაში აქცენტს აეროფლოტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაზეც აკეთებენ. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფრინავს და საოკუპაციო რეჟიმებთან თანამშრომლობს.

დღის ამბები