ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნა.
„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები.
"ქართული ოცნებისთვის შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს.
"აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი, დავით ჭიჭინაძე,“ - აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილებას ხელს აწერს ქართული ოცნების სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.