03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
რამდენი რუსული ავიაკომპანია იფრენს საქართველოს ცაზე?

მთავრობის მხრიდან საკითხის დარეგულირებას ავიაკომპანია აირზენა ჯორჯიან ეირვეიზში უკვე 4 თვეზე მეტია ელოდებიან.

მესამედ გაფორმებული სიტყვიერი შეთანხმების ვადა, რომლის მიხედვითაც თბილისი-მოსკოვის მიმართულების ფრენების სიხშირე დადგინდა, დღეს ამოიწურა. იმის გამო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, შეთანხმების ვადა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ თითოეული დღე მათთვის ფინანსური ზარალის მომტანია.

ეკონომიკის სამინისტროში დღეს „აირზენას” პრეტენზიებს არ უპასუხეს. 

რუსული მხარის მოთხოვნით გაზრდილი ფრენების სიხშირის მიხედვით, ორივე მხარემ კვირაში 18-18 რეისი უნდა შეასრულოს. საქართველოს მხრიდან ამ ვალდებულებას მხოლოდ ერთი ავიაკომპანია ასრულებს მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან 18 ფრენას სამი უმსხვილესი კომპანია - „აეროფლოტი,” „სიბირი” და „ტრანს აერო” იყოფენ.

რუსული საავიაციო ხელისუფლების მოთხოვნა ამ კომპანიებისთვისაც გაუგებარია. „სიბირის” ქართულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ მგზავრთა ნაკადი განსაკუთრებით ზამთრის სეზონისთვის მცირეა და მას ამდენი რეისი არ სჭირდება.

ცნობილია, რომ ბაზარზე უკვე არსებული კომპანიების გარდა, თბილისი-მოსკოვის რეისების შესრულების სურვილს სხვა რუსული კომპანიებიც გამოთქვამენ. ერთ-ერთი მათ შორის „ურალის ავიახაზებია.”

ავიაკომპანიამ განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე შეიტანა და პასუხს ელოდება. თუ პასუხი დადებითი იქნება, ახალი რუსული ავიაკომპანია სიხშირეების კიდევ უფრო გაზრდას მოითხოვს.

„აირზენა” კიდევ ერთ საკითხს აყენებს, რომელიც ავიასაწვავის შემოტანის ნებართვის საკითხს ეხება. ავიასაწვავის მაღალი ფასის გამო ბილეთის ღირებულებას „აირზენა” ვერ ამცირებს, მათ მიერ აშენებული ტერმინალის მიუხედავად კი, საწვავის შემოტანის უფლებას არ აძლევენ.

დღის ამბები