05 ოქტომბერი 2024,   20:36
ვრცლად
ტრამპისა და იუნკერის შეხვედრა და "დიდი დღე" - აშშ-ის პრეზიდენტი საბაჟო ტარიფების დაწევას დათანხმდა

დონალდ ტრამპი საბაჟო ტარიფების დაწევას დათანხმდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან კლოდ იუნკერთან, შეხვედრაზე მიიღო, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა. მხარეები სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

დონალდ ტრამპმა ჟან კლოდ იუნკერთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკება „დიდ დღედ“ შეაფასა.

„დიდი დღე გვქონდა, ძალიან დიდი. ჩვენ აქ, თეთრ სახლში შევხვდით, რათა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ ფაზას მივაღწიოთ. ეს არის ახალი ფაზა მჭიდრო მეგობრობის, ორივე მხარისთვის მომგებიანი ძლიერი სავაჭრო ურთიერთობების, გლობალური უსაფრთხოების და განვითარებისთვის, ერთიანი ძალებით უკეთესი მუშაობის და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის. ჩვენ გვსურს, ამერიკელი და ევროპელი მოქალაქეების სასარგებლოდ კვლავაც გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები. ამიტომაც შევთანხმდით დღეს, უპირველეს ყოვლისა, ვიმუშაოთ ნულოვანი ტარიფებისთვის, ნულოვანი არასატარიფო ბარიერებისთვის და არაავტოინდუსტრიული ნაწარმის ნულოვანი სუბსიდირებისთვის,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გარდა ამისა, ევროკავშირი ამერიკისგან თხევადი გაზის შესყიდვასაც გაზრდის. დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჟან კლოდ იუნკერი საჯარო მოხსენებით სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამოვიდა.

„ერთი რამ ყოველთვის მუდმივად რჩება. ურთიერთობები ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის უნიკალურია. მისი არსია საერთო ისტორია, საერთო ღირებულებები და ინტერესები. ერთად მუშაობა უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და განვითარებას. ჩვენ დღეს გარიგება დავდეთ. შევთანხმდით, რომ არანაირი სხვა ტარიფი არ იქნება წარმოდგენილი, ვიდრე მოლაპარაკებებს ვმართავთ,“- განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

დღის ამბები