მორიგი მუქარა ომიდან 10 წლისთავზე - რუსეთი საქართველოს თითს კიდევ ერთხელ უქნევს და საერთაშორისო თანამეგობრობას შეტყობინებას უგზავნის. რუსეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ საქართველოს ნატოში შესვლას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ 2008 წელს ომი საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოხდა და რუსეთი პროცესში მხოლოდ მოგვიანებით ჩაერთო.
რა მიზანი აქვს პერიოდულად რუსეთის უმაღლესი ხელისუფალი პირების მიერ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის ნატოსთან დაახლოების შედეგების რუსული ვერსიის შეხსენებას, ყველასთვის ცხადია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ "მუდმივ დესტაბილიზაციაზე აქცენტის გაკეთება მსოფლიოში გადაწყვეტილების მიმღებ ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობის ძველი სტილია".
ნატო-ში ინტეგრაციის შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერები განსაკუთრებით სწორედ ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შემდეგ გააქტიურდნენ. მოსალოდნელ შედეგებზე დაფიქრებისკენ ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მომხრეებს რამდენიმე კვირის წინ მოუწოდა და ისინი სიტუაციის გამწვავებაში დაადანაშაულა.