უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რაც ცესკოს სხდომაზე მოხდა, მორიგი მტკიცებულება იყო იმის, რომ, "ნაცმოძრაობასთან" ერთად, საქართველოში მშვიდობის არსებობა შეუძლებელია.
მისი განმარტებით, ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იყო, რომ საქართველოს საზოგადოება იღებს ერთ გადაწყვეტილებას, რადიკალურ ოპოზიციას კი სხვა გადაწყვეტილება უნდა.
"რაც გუშინ, ცესკოს სხდომაზე ვნახეთ, ეს იყო მორიგი იმის მტკიცებულება, რომ გამორიცხულია "ნაცმოძრაობის", ამ ბოროტი პოლიტიკური ძალის არსებობა და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იყო, რომ საქართველოს საზოგადოება იღებს ერთ გადაწყვეტილებას, რადიკალურ ოპოზიციას კი სხვა გადაწყვეტილება უნდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არ ერიდებიან არაფერს, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულის ჩადენასაც კი. ეს ყველამ საჯაროდ ნახა, ასე თავხედურად, პირდაპირ, სისხლისსამართლებრივი სავარაუდო დანაშაულის ჩადენა, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ეს ძალა არ არის ქართული ძალა და ის ემსახურება უცხოურ აგენტურას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს შავი ფერის დაუდგენელი სითხე გუშინ შეასხა. სხდომა დროებით შეჩერდა, თუმცა, განახლების შემდეგ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა. თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.