17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
ტერორიზმთან კავშირი და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა - გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ტოხოსაშვილს ბრალი დაუმძიმონ

ხუთი ვაზნის შენახვის ბრალდებით დაკავებული 38 წლის მალხაზ ტოხოსაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წყნეთში დააკავა.

სპეცოპერაცია ბიზნესმენ მინდია საბანაძის სახლში ჩატარდა, სადაც ბრალდებული დაცვის სამსახურში მუშაობდა.

მის სამუშაო ოთახში და სახლში ჩხრეკის დროს 5 ვაზნა ამოიღეს, რაც მისთვის ბრალის წაყენების საფუძველი გახდა.

ტოხოსაშვილი სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში ორი წლის წინ მოექცა, როდესაც ინტერნეტით ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ვიდეო გავრცელდა და სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მისი დახმარების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

მალხაზ ტოხოსაშვილი წლებია, ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს, თუმცა, წარმოშობით პანკისის სოფელ ბირკიანიდანაა. მამის თქმით, ხეობაში იშვიათად, მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულზე, ჩადიოდა. ოჯახი ადასტურებს, რომ მათი ახლო ნათესავები სირიაში ცხოვრობენ, თუმცა, მალხაზ ტოხოსაშვილის ტერორიზმთან კავშირს უარყოფს.

ტოხოსაშვილის დაკავებიდან რამდენიმე საათში პალიტრანიუსმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, ტელევიზიის მტკიცებით, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ქართული დანაყოფის შექმნილია. კლიპის სუბტიტრები მუქარას შეიცავს, რომლის ადრესატიც საქართველოს ხელისუფლებაა.

პროკურატურა ახლა იძიებს, რა კავშირი აქვს დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილის მუქარისშემცველ ვიდეორგოლთან.

ბრალდებულის სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ელექტრომოწყობილობა და ტერორისტული ორგანიზაცია ისალმური სახელწმიფოს სიმბოლიკიანი დროშები. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ტოხოსაშვილს ბრალი დაუმძიმონ.

ვიდეომასალაში, რომელიც დღეს პალიტრანიუსმა გაავრცელა, პანკისის ხეობაში სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტოებიცაა.

მოკლულის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ვიდეორგოლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაამზადეს და მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღდეგ პროვოკაციის მიზნით გაავრცელეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის მტკიცებით, შაბათს სუს-მა სტრასბურგში მისი ვიზიტი ჩაშალა და ამ ამბის გადაფარვას ახალი ამ საქმით ცდილობს.

 

 

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი. 

 

დღის ამბები