შინაგან საქმეთა სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო, რვა შვილის სახლში გამოკეტვისთვის დაკავებული ამირან დევნოზაშვილის საქმეზე განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებენ.
ორივე უწყებაში მიზეზად არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ასახელებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროცესში მათი წარმომადგენელი და ფსიქოლოგი ჩაერთვებიან, რათა მოხერხდეს ბავშვების საზოგადოებასთან ნორმალური ადაპტაცია.
საქმესთან მიმართებაში საჭირო განსაკუთრებულ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველიც.
"სახელმწიფოს კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას ოჯახის წევრების მხრიდან,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ამირან დევნოზაშვილს საკუთარი 8 შვილის სახლში გამოკეტვაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგ საქმე იძულების მუხლით არის აღძრული. მას 18 თვით პატიმრობა ემუქრება. ქუთაისის სასამართლომ გუშინ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.