03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
თავისუფლების მოედანზე პანორამა-თბილისის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

მერიის სპეციალურმა კომისიამ ყოფილი ცეკავშირის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას კოეფიციენტი გაუზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის ცენტრში, იქ, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, მრავალსართულიანი სასტუმრო აშენდება.

პანორამა-თბილისის სასარგებლოდ მიღებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის უკავშირებენ.

საპასუხო განცხადება მერიის დაქვედებარებაში მყოფი სპეციალური კომისიის არც ერთ წევრს არ გაუკეთებია. კომენტარზე უარი განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემაც. 

პროექტის ავტორებს ყოფილი ცეკავშირის ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენებას ურჩევენ საკრებულოს დეპუტატები.

არსებული ინფორმაციით, ცეკავშირის ყოფილ ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს კომპლექსის აშენება იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუ მერია ამ ტერიტორიას კოეფიციენტს არ გაუზრდიდა, მაშინ 241-ის ნაცვლად, სასტუმროში 100 ნომერი იქნებოდა. ის, რომ ამ ტერიტორიის გამოყენება მრავალფუნქციური და მრავალსართულიანი შენობისთვის მიზანშეწონილი არ არის, იმ დასკვნაშიც წერია, რომელიც, პროექტის ავტორების დაკვეთით, სპეციალისტებმა კვლევის შედეგად მოამზადეს.

პანორამა-თბილისის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კიდევ ერთი მშენებლობის არქიტექტურის გაცნობის შემდეგ სპეციალისტები პროექტის ავტორებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონზე მიუთითებენ. მათი განცხადებით, კანონში განმარტებულია, რომ კულტურული მემკვიდრობის არეალში აკრძალულია საქმიანობა, რომელიც დააზიანებს, ან საფრთხეს შეუქმნის ძეგლს. 

 

დღის ამბები