ძლიერი წვიმის შედეგად სამი კვირის წინ რუსთავის გზატკეცილის მე-15 კილომეტრზე დაზარალებულ მოსახლეობას დროებით თავშესაფარს ატოვებინებენ. მათი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა მიიღო.
სასტუმრო, სადაც მუნიციპალიტეტმა განათავსა და უკვე მესამე კვირაა, იმყოფებიან, დღეს დილიდან უნდა დატოვონ და სახლებს დაუბრუნდნენ.
გარდაბნის მერის მტკიცებით, დაზარალებულებს მოქალაქეებს შესაბამისი დახმარება უკვე გაეწიათ. სასტუმროში ოთხი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
დაზარალებულების თქმით, წვიმის შედეგად დაზიანებულ სახლებში ამ ეტაპზე ცხოვრება შეუძლებელია, რადგან არ აქვთ დენი და წყალი.
22 ივლისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად მათი ეზოები და სახლების პირველი სართულები დაიტბორა, რომელიც დაზარალებულების განცხადებით, ისევ შლამით და ტალახით არის სავსე.