19 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
„ამგვარი რეპლიკა მიუღებელია“ - "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებისადმი მიმართვას -„ტვინი გაანძრიეთ“  „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ ეხმაურებიან. მათი შეფასებით, მსგავსი რეპლიკები მედიის წარმომადგენლების მისმართით, მით უმეტეს მოქმედი დეპუტატისგან, მიუღებელია.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი ვალდებულია, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოს.

იმ შემთხვევაში თუ მსგავსი გამონათქვამები მედიის წარმომადგენლების მიმართ კიდევ გაჟღერდება, ძველიშვილი არ გამორიცხავს, რომ ქარტიამ განცხადება გამოაქვეყნოს.

„საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, უპასუხონ ჟურნალისტების ყველა კითხვას, მიუხედავად იმისა, იქნება მათთვის ეს მომაბეზრებელი, მიუღებელი, უხერხული თუ ა.შ. ამგვარი რეპლიკა მით უმეტეს მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც არის მოქმედი დეპუტატი. თუკი დავინახავთ, რომ ეს საკითხი გააქტიურდა და კიდევ უფრო გაძლიერდა ჟურნალისტების მიმართ ასეთი არაეთიკური გამონათქვამები და ამგვარი დამოკიდებულება, შესაძლებელია, რომ ვიფიქროთ განცხადების გამოქვეყნებაზე,“- განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

დღის ამბები