ამ დრომდე მძიმეა ტრაპზონში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მესამე დაშავებულს, კი რომელსაც გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს პალატაში გადაიყვანენ.
„დედაჩემი, ამ წუთას როგორც ვიცი არის სტაბილურ მდგომარეობაში, მამაჩემის ინფორმაცია არ ვიცი. მამაჩემი არ მინახავს 24 საათის განმავლობაში. ჩვენ არაფერი ინფორმაცია არ ვიცით მის შესახებ,“ - ამბობს ავარიის დროს დაშავებულების შვილმა, მარი შაინიძე.
საქართველოს დაშავებული მოქალაქეები ტრაპზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. ზაალ მიქელაძემ დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
„გუშინდელი ავარიის შემდგომ მოთავსებულია ორი პაციენტი, ცოლ-ქმარი. ქალბატონის მდგომარეობა არის სტაბილური, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაციები სახის ძვლებზე და მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას. რაც შეეხება მამაკაცს, ის არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მესამე პაციენტი, რომელიც მოთავსებულია ტრაბზონის სახელმწიფო კლინიკაში, მისი მდგომარეობა არის სტაბილური,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ავარია ტრაპიზონში გუშინ გამთენიისას მოხდა. საქართველოს სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსით თურქეთში 21 ადამიანი მიდიოდა. მძღოლს სავარაუდოდ, საჭესთან ჩაეძინა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, იგი ტელეფონით საუბრობდა. მძღოლი თურქმა სამართალდამცველებმა ავარიის შემდეგ დააკავეს, დღის ბოლოს კი გაათავისუფლეს.