10 მაისს ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში, ოპერაციის დასრულების შემდეგ 28 წლის ინგა ბალანჩივაძის მდგომარეობა დამძიმდა. ახალგაზრდა ქალს, გარე ორსულობის დიაგნოზით, ოპერაცია ჩაუტარდა. ნახევარი საათის ნაცვლად, ქალი საოპერაციოში 4 საათი გააჩერეს.
ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ამ ხნის განმავლობაში ექიმები ოპერაციის გაჭიანურების მიზეზს არ ასახელებდნენ.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ პაციენტი კომაში ჩავარდა, კლინიკას რეანიმაციული ბლოკი არ ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოყვანას სხვადასხვა მეთოდებით უშედეგოდ ცდილობდნენ. ამბის გარკვევის შემდეგ ოჯახმა უგონოდ მყოფი პაციენტი სხვა კლინიკის დიაგნოსტიკურ ცენტრში გადაიყვანა.
ტვინის შეშუპების, ქერქის დაზიანებისა და მძიმე მდგომარეობის გამო, ინგა ბალანჩივაძე ნათესავებმა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი 2 თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრებს ექიმებმა უთხრეს, რომ მდგომარეობის დამძიმება ოპერაციისას უჟანგბადობამ გამოიწვია, რასაც ტვინის შეშუპება მოჰყვა. 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ, ექიმების რჩევით, ის ახლა სახლშია, თუმცა, მდგომარეობა ახლაც მძიმეა.
პაციენტის ნათესავები ქუთაისის ხონელიძის კლინიკის ექიმებს, სადაც 28 წლის ქალმა ოპერაცია გაიკეთა, დაუდევრობაში, უყურადღებობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.
მომხდარის შესახებ იციან ჯანდაცვის სამინისტროში. უკვე 3 თვეა, რეგულირების სააგენტო ახალგაზრდა ქალის საქმეს არკვევს.
28 წლის ახალგაზრდა ქალის გამოჯანმრთელებას უკვე 3 თვეა, ელოდებიან ნათესავები და მისი 4 წლის ქალიშვილი.
ავტორი: თაკო სურგულაძე