საპარლამენტო უმრავლესობა ორდღიანი პროტესტის შემდეგ საგამოძიებო კომისიის მუშაობას უბრუნდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია, საგამოძიებო კომისიის დროებით დატოვებას განმარტავს და ევროპულ საქართველოს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების გამო აკრიტიკებს.
„ეს არი იყო ბოიკოტი, ეს არ იყო ჩვენი მხრიდან კომისიის, როგორც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნილი ორგანოს მიმართ უპატივცემულობა, ეს იყო ძალიან არაკოლეგიალური, არაკორექტული დამოკიდებულება კომისიის იმ წევრების მხრიდან, რომელთაც ერთპიროვნულად მიიღეს გადაწყვეტილება სხდომების დანიშვნის თაობაზე ისე, რომ ეს არ იყო კონსულტირებული და გავლილი ჩვენთან ერთად,“ - აცხადებს ბესელია.
არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილ დასკვნაზე საუბრისას ეკა ბესელია აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ შეცვლილი დასკვნის პროექტი წარადგინა სხდომაზე.
„ის დასკვნის პროექტი, რომელიც წარმოადგინეს ასე შეცვლილი და ფრაგმენტული კომისიის იმ წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ ევროპულ საქართველოს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არღვევს კონსტიტუციის დადგენილ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, არღვევს ყველა სტანდარტს, რომელსაც უნდა იცავდეს კომისია,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე დეპუტატებმა დღეს საბოლოო დასკვნა უნდა განიხილონ.
დასკვნის ის ნაწილი, რომელიც ევროპული საქართველოს წევრებმა უკვე გაასაჯაროვეს საქმის ახალ და სკანდალურ დეტალებს შეიცავს.