19 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
"საპარლამენტო უმრავლესობას არ უნდოდა, რომ სიმართლე დადგენილიყო" - სერგი კაპანაძე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი და საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საგამოძიებო კომისიის მიმართ გამოხატულ ბოიკოტს ეხმაურება.

სერგი კაპანაძე მმართველი გუნდის დეპუტატების საპასუხოდ აცხადებს, რომ ქართული ოცნების წევრებს არ სურდათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენა.

„არც ერთ ეტაპზე ამ კომისიის მუშაობის, მათ არ უნდოდათ, რომ აქ სიმართლე დადგენილიყო. ისინი დაინტერესებული არიან გამართლებით იმ ადამიანების, რომლებმაც გამოძიება გაამრუდეს და როგორც ჩანს, ახლა, კომისიის მუშაობის დასკვნით ეტაპზე, გადავიდნენ ბოლომდე მათ გამართლებაზე და დასაბუთებაზე თავიანთი ამ არგუმენტის. საუბარი იმაზე, რომ კომისიას არა აქვს მანდატი, გამოავლინოს ახალი გარემოებები. არა აქვს მანდატი, რომ გასცეს რეკომენდაციები, არის უბრალოდ აბსურდი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე დეპუტატებმა დღეს საბოლოო დასკვნა უნდა განიხილონ.

დასკვნის ის ნაწილი, რომელიც ევროპული საქართველოს წევრებმა უკვე გაასაჯაროვეს, საქმის ახალ და სკანდალურ დეტალებს შეიცავს.

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები სისხლიანი გარჩევის საქმის გამოძიების დროს გამოკვეთილ დარღვევებზე იმსჯელებენ. დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრები არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დასკვნის საკუთარ ვარიანტს წარადგენენ, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით უმცირესობის შეფასებებს არ იზიარებენ.

კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებასთან დაკავშირებით კომისიის წევრები მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ. ისინი ასევე იმ რეკომენდაციებს განიხილავენ, რომლებიც საგამოძიებო უწყებების მიმართ უნდა გასცენ.

დღის ამბები