გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცესკოში დღეს ის აუდიო ჩანაწერები წარადგინა, სადაც ჩანს, როგორ აკომპლექტებს „ქართული ოცნება“ საუბნო-საარჩევნო კომისიებს პოლიტიკური ერთგულების ნიშნით.
ამ მასალებში კრწანისის ოლქის, და ამავე ოლქის რამდენიმე უბნის თავმჯდომარესთან სატელეფონო ჩანაწერებია წარმოდგენილი. მართალია, კრწანისის ოლქის თავმჯდომარემ, ამ ჩანაწერების შემდეგ თანამდებობა დატოვა, მაგრამ ახლა ოპოზიცია ცესკო-სგან რეაგირებას ითხოვს, რადგან მიაჩნიათ რომ პრობლემა სისტემურია და ყველა ოლქში იგივე ვითარებაა.
„წარდგენილი იქნა მტკიცებულებები,რომელიც ეხება გახმაურებულ ფაქტს კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაძლო კავშირებთან "ქართული ოცნების" შტაბთან.
ასევე მეორე დოკუმენტიც, რომელიც ასევე ეხება კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესებს. ერთ-ერთ კონკურსანტს, რომელიც საუბნო კომისიაში ღებულობდა მონაწილეობას, დაურეკეს საოლქო საარჩევნო კომისიის სახელით და მოსთხოვეს უბნის შეცვლა. აღმოჩნდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან არავის დაურეკავს და მათი სახელით ისარგებლა "ქართული ოცნების" შტაბის ოფისის მენეჯერმა მელანო ავალიშვილმა, რომელმაც კონკურსანტს კონკრეტული ცვლილებების განხორციელება მოსთხოვა,"-აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.
ავტორი:ნინო გაზდელიანი.