19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ლურჯი ავტობუსების რეალური ღირებულება - ბათუმის მერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის მერს, ლაშა კომახიძეს თვითმმართველობის ორგანოში იბარებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის მერს და ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელს შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

ოპოზიციამ დაითვალა ის ფინანსები, რომლებიც ბათუმის ხელმძღვანელობას ახალი ავტობუსების ჩამოსაყვანად სჭირდება და ამ რიცხვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ლურჯი ავტობუსების შეძენა მერიას გაცილებით ნაკლებ ფასად შეეძლო, ვიდრე ეს ოფიციალურ დოკუმენტებშია მითითებული.

2018 წლის გამოშვება იაპონური "ისუზუ"-ს მარკის ერთი ავტოტრანსპორტი მუნიციპალიტეტს 76 ათასი ევრო დაუჯდა. საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის მტკიცებით კი მუნიციპალიტეტმა ეს ავტობუსები უკრაინული კომპანია „ჩერკასისგან“ იმაზე ძვირად შეიძინა, ვიდრე ის რეალურად ღირს.

ოპოზიციის მტკიცებით, 40 ლურჯი ავტობუსი საერთო ჯამში ბათუმის მუნიციპალიტეტს ნახევარ მილიონ ევროზე მეტი უჯდება, მაშინ როცა ამ თანხის დაზოგვა შეიძლებოდა.

ოპონენტების მოსაზრებებს და ბრალდებებს ბათუმის მერიის საქალაქო სამსახურში არ იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ ავტობუსები მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხით შეიძინა და ყველა დეტალი შეათანხმა.

უკვე რამდენიმე დღეა, ბათუმში 15 ახალი ავტობუსი მოძრაობს. ავტოტრანსპორტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც არის გათვლილი. ტურისტულ ქალაქში ახალ ავტობუსებს საბჭოურ მოდელს ამსგავსებს, ამიტომ მოსახლეობის ნაწილი მათი შესყიდვით უკმაყოფილოა.

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, თეა ვაშალომიძე.

 

დღის ამბები