გადამწყვეტი ტესტი საქართველოსთვის - ევროპარლამენტი იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობა საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას შეაფასებს.
28 ოქტომბერს ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და საარჩევნო პროცესს დააკვირდება. მანამდე კი ევროპელი დეპუტატები იმ კონკრეტულ მოთხოვნებზე საუბრობენ, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნებამდე და არჩევნების პროცესში უნდა გაითვალისწინოს.
“მოვუწოდებ საქართველოს და ვთხოვ კიდეც რომ უზრუნველყოფილი იყოს პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა. იმედი მაქვს რომ გარანტირებული იქნება პლურალიზმი, განსაკუთრებით კი მედია პლურალიზმი, რასაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ევროპარლამენტი გამოაგზავნის დამკვირვებლებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ჩემი გამოცდილებიდან, ისინი ეუთოსა და ოდიარის მისიებთან ერთად კარგ საქმეს გააკეთებენ,”-ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან რებეკა ჰარმსი.
პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე საუბრობს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წევრი, იარომირ სტეტინა. მისი თქმით, ევროპელ დეპუტატებს აქვთ ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიას დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. გარდა ამისა, სტეტინა ხაზს უსვამს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას და რუსულ დაფინანსებას.
„დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემა ქართულ ოცნებასაც აქვს. მაგრამ ანალოგიური პრობლემა ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია. სამაგიეროდ ზუსტად ვიცით ვინ რომელი პარტია ან კანდიდატი დააფინანსა.
„ვიცით, რომ რუსეთი აფინანსებს არჩევნებს არაერთ ქვეყანაში და ჩემი აზრით ჩვენთანაც დააფინანსა, როდესაც პრეზიდენტს ვირჩევდით.
საქართველოსაც ჰყავს თავის ოლიგარქები , უკრაინასაც და ჩვენც. ეს თანამედროვეობის ჩვევად იქცა, მაგრამ დემოკრატიისთვის ძალიან საშიშია,”-ამბობს ევროპარლამენტარი იარომირ სტეტინა.