საპრეზიდენტო კანდიდატების, გრიგოლ ვაშაძის და დავით ბაქრაძის, ბრიუსელში ვიზიტს და ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მმართველი გუნდის წევრები აკრიტიკებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მცდელობის მიუხედავად, ევროპარლამენტში საქართველოს მიღწევებს მაინც აღნიშნავენ და პოზიტიურად შეაფასებენ.
„ჩვენთვის ღიმილის მომგვრელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული რამდენიმე ჟურნალისტი ცდილობს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე შავი კატა გადაატაროს, მათ ეს არ გამოუვათ. ანგარიშში, სინამდვილეში არის პოზიტიური შეფასებები ასოცირების ხელშეკრულებასთან და საქართველოს რეფორმებთან დაკავშირებით. დამიჯერეთ, რომ რაც არ უნდა წერილები წეროს გიორგი კანდელაკმა, საქართველოში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები შეუმჩნეველი ევროპელებს არ დარჩებათ,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
ბრიუსელში საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი გუშინ დასრულდა, შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარებს საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ მოხსენებაში კი შესწორებების შეტანის ვადა რამდენიმე საათში იწურება.
უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტში, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზეა საუბარი, ორი მთავარი და კრიტიკული შენიშვნა შევა. ხელისუფლების ზეწოლა „რუსთავი2“ -ზე და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა.