საქართველოს პარლამენტი მარიხუანის უკვე ლეგალურ მოხმარებას კონკრეტულ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოაქცევს. საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის შეზღუდვაზე, კონკრეტული პროფესიის ადამიანებისთვის აკრძალვის დაწესებაზე და სანქციებზე, რომელიც თრობის ქვეშ ავტომობილში მართვას უკავშირდება.
პაკეტი უკვე მზადაა და დეპუტატები მას უახლოეს სასესიო სხდომებზე განიხილავენ, ასევე საშემოდგომო სესიის ფარგლებში იგეგმება ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის საბოლოო მიღებაც, რაზეც პარლამენტი წელიწადზე მეტია ვერ თანხმდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მარიხუანას ლეგალურ მოხმარებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შემუშავებაზე მომავალ კვირაში სესიაზე იმსჯელებენ.
საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციებზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე.
„ჩვენ ამაზე გვექნება პოლიტიკური კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე ოპოზიციასთან და ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
შსს-მ სამართლებრივ ჩარჩოების შემოღებაზე განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ გააკეთა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაუქმდა.