03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
ემიგრაცია-ერთადერთი გზა თავის და ოჯახის გადარჩენისთვის

საქართველოდან წასვლა ნანა ქენქაძისთვის მაშინ უკიდურესი გაჭირვებისგან თავის დაღწევის ერთადერთი შანსი იყო. 17 წლის წინ პირველად დატოვა შვილები და წლების განმავლობაში მძიმე ფიზიკური შრომით ცდილობდა დედის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის არაფერი დაეკლო. თუმცა უცხოეთში წასვლას დღეს ნანობს.

წასვლამდე ბევრი იწვალა. ქსოვდა, აცხობდა, სახლებს ალაგებდა, აგურის ქარხანაში მამაკაცების გვერდით შრომობდა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს არ თაკილობდა მცირეწლოვანი ბავშვების რჩენა საქართველოში დიდხანს ვერ მოახერხა. სამშობლოდან კვიპროსში არალეგალურად გადახვეწილი, მუდმივი შიშით, პოლიციისგან მალვით და შვილებზე დარდით ცხოვრობდა.

დღეს შვილებს საკუთარი ოჯახები ყავთ. 17 წლიანი ემიგრაცის შედეგად დედამ ერთოთახიანი ბინის ყიდვა მოახერხა, სადაც უფროსი ქალიშვილი ცხოვრობს. უმცროსი, ახალგორიდან დევნილია. წილკანში იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაში 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. ბებია არცერთი შვილიშვილის გაჩენას არ დასწრებია.

ბავშვებისთვის, ახლა უკვე შვილიშვილებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად ისევ კვიპროსში ბრუნდება. ჩანთას ალაგებს, წასასვლელად ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს.

ნანა ქენქაძის მსგავსად საქართველოდან ოჯახის რჩენის მიზნით საბერძნეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში მძიმე შრომისთვის არაერთი ქართველი ქალი წავიდა. ეს მათთვის ერთადერთი გზა აღმოჩნდა ტავის გადასარჩენად და ოჯახის შესანახად, თუმცა ბევრმა მათგანმა ამ დრომდე არ იცის როდის დაბრუნდება საკუთარ სამშობლოში.

სულ მალე ემიგრანტებს ერთმანეთთან და საქართველოში საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირება ახალი ვებგვერდის მეშვეობით შეეძლებათ.

დღის ამბები