„უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა, უწყებათშორის კომისიაზე გუშინ პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა და კომისიის სხდომაზე ტელეფონებით შესვლა ყველას აუკრძალა,“ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ იუსტიციის მინისტრი და უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელი კანონდარღვევასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ოპოზიცია ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემს.
„გუშინ ვნახეთ კიდევ ერთი საგანგაშო განცხადებები უწყებათშორისი კომისიის ხელმღვანელის, წულუკიანის მხრიდან. მას ავიწყდება, რომ არ წარმოადგენს ქართული ოცნების შტაბს ამ კომისიაზე. უწყებათშორისი კომისია შექმნილია იმისთვის, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემო უზრუნველყოს. ჯერ უარი თქვა მედიის დაშვებაზე, შემდეგ თავს დაესხა სამოქალაქო სექტორს, გარჩევები დაუწყო სამოქალაქო სექტორს, გუშინ ჩამოაყალიბა პოლიციური რეჟიმი უწყებათშორის კომისიაზე და აუკრძალა ყველას ტელეფონებით შესვლა კომისიის სხდომაზე. გუშინ მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენელი იმყოფებოდა ტელეფონით ამ სხდომაზე,“ - აღნიშნა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ თეა წულუკიანს საჯაროდ მიმართა.
„კარგად გაიაზრეთ თქვენი ფუნქცია, რომელიც გაქვთ. თქვენ არ ხართ ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრი, ივანიშვილის უწყების კომისიის ხელმძღვანელი, თქვენ ხართ ჩვენი გადასახადებით დაქირავებული ადამიანი, რომელმაც კანონით გათვალისწინებული ვალდებულება უნდა შეასრულოს. რა უფლებით კრძალვას საჯაროობას და გაშუქებას იმ პროცესის, რომელსაც აკეთებთ. ჩვენ ბოლომდე ჩამოვხსნით ფარდას თქვენს მოქმედება, რომელიც გაყალბების სისტემას აყალიბებს საარჩევნო პროცესში. სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანაში იუსტიციას ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც არის პირველი კანონდამრღვევი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.