19 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
"იბერია" მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს - პრეზიდენტი ტელეკომპანიის წარმომადგენლებს კვირის დასაწყისში შეხვდება

ტელეკომპანია იბერია უკვე მეორე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ჟურნალისტები და არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ.

არხზე მიმდინარე პროცესებში გასარკვევად, ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს საქართველოს პრეზიდენტი.

განცხადება დღეს გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში გაკეთდა.

„ყველა წინა შემთხვევაში, როდესაც მედიას უკავშირდებოდა საკითხი, პრეზიდენტი იყო ძალიან აქტიური და ხშირად საჯაროდ და ღიად პოზიციონირებდა მსგავს თემებზე იმიტომ, რომ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო არის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი. პრეზიდენტი არის საქმის კურსში, ის მზადაა, რომ შეხვდეს ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტებს, სხვა წარმომადგენლებს, მოისმინოს უშუალოდ მათგან ყველა ინფორმაცია და შესაბამისად, აქტიურად მიადევნოს თვალი ამ საქმის ირგვლივ არსებულ ყველა საკითხს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტთან შესახვედრად ტელეკომპანია იბერიას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახტანგ ხუზმიაშვილი, მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით, მარგველაშვილს კვირის დასაწყისში შეხვდებიან.

ტელეკომპანია იბერიას თანამშრომლები აცხადებენ, რომ არხის ხელში ჩაგდების მთავარ ბერკეტად მმართველი პოლიტიკური ძალა ომეგა ჯგუფის ბიზნესზე ზეწოლას იყენებს.

ზაზა ოქრუაშვილმა, 51-მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ, ტელევიზია უნდა დათმოს.

ტელეკომპანია იბერიას ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია, აცხადებს, რომ ტელევიზიის მიმართ არსებული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუმცა, ამისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

„რაკიღა პრობლემა მოგვარებადია, მოდით, ვკონცენტრირდეთ ამაზე, არაფერი რთული არ იქნება იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ  „ახევების“ მოწადინებას თავი დაანებოს, დადგეს, სავალდებულო, კანონიერი გადანაწილება მოახდინოს,“ - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

დღის ამბები